ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ცვლილებებზე ისაუბრეს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით:
1. თანამედროვე მოთხოვნებისა და მონაცემების შესაბამისად არსებული გაიდლაინი განახლდა. განახლებული გაიდლაინი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
2. გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი.
გარდა ამისა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
ასევე ცერცვაძის თქმით, ამ 5 ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ერთი იმერეთში, სამი ჯგუფი კი თბილისში იმუშავებს.
"ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია: ერთი გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს ყველა ძლიერ და სუსტ მხარეს ამა თუ იმ კლინიკის, ვის სად უჭირს და ვის სად არ უჭირს. გააკეთებს ამის ანალიზს და ამაზე მერე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ინსპექტირების ფუნქციით, ამ ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი წევრები უდიდესი გამოცდილებით, ისინი გაუწევენ ადგილზე დახმარებას",-თქვა ცერცვაძემ.
13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 102. 9 პაციენტიდან 5 აჭარაში დაიღუპა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 ადამიანი გამოჯანმრთელდა.